ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, - ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და მის ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა.
„მინდა, ირაკლი კობახიძის აბსურდულ განცხადებას გამოვეხმაურო, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას. გარდა იმისა, რომ ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა. ომბუდსმენს ვციტირებ და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.