იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გადაყვანა მოხდა უსაფრთხოდ. მინისტრმა არ ისაუბრა დეტალებზე და აღნიშნა, რომ გადაყვანა მოხდა ისე, რომ სრულად ყოფილიყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
მინისტრი ოპონენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტყვა „გატაცების“ გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არის აბსოლუტურად მიუღებელი.
"რომელ გატაცებაზეა საუბარი და, საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დებენ, რათა ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული. ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ეს დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას. მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა და დროა, შეეგუონ იმას, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა, და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა, გადმოიტანონ სამართლებრივი მსჯელობა ქაღალდით და კალმით და არა რევოლუციური მოწოდებებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდა უსაფრთხოდ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება არის დაცული.
"მე დეტალებზე, ბუნებრივია, სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მისი გადაყვანა გლდანის №18 დაწესებულებაში. ეს არის სპეციალური პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო კლინიკა. პენიტენციურმა სამსახურმა მისი გადაყვანა მოახდინა უსაფრთხოდ. მინდა, ყველა თანამშრომელს და კოლეგას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პატიმრის უსაფრთხობა იყო მაქსიმალურად დაცული. მე ბევრჯერ მითქვამს და გამიმეორებია – ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედის" ეთერში.