ჩვენი თანამშრომლები დღის და ღამის განმავლობაში ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე და აქ მას საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პატიმარ სააკაშვილის და, ასევე, სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე. ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევქმენით ცალკე კონსილიუმი, რომელშიც არიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმები და მინდა, მათ აქვე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ კონსილიუმში შემავალ ექიმებთან. იქ, მე-12 დაწესებულებაში, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა რეანიმობილი და, ასევე, მათი თანამშრომლები და აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად დაცული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა სააკაშვილის უსაფრთხოების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება საუკეთესოდ იქნება დაცული.
"რაც შეეხება უსაფრთხოებას – ჩვენ ვახსენეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ, დღეის მდგომარეობით, საუკეთესოდ იქნება დაცული ამ დაწესებულებაში. აქ ტარდება უამრავი სხვადასხვა სახის სამუშაო იმისათვის, რომ იყოს ამ კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოება დაცული და, ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლები დღის და ღამის განმავლობაში ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე. აქ მას საფრთხე არ შეექმნება და იქნება ყველაზე მეტად დაცული, სადაც კი უბრალოდ შესაძლებელია, რომ ის იყოს განთავსებული", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
დღეს, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.