საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადულის" ნომინანტთა გრძელი სია ცნობილია. ოთხ ნომინაციაში წარდგენილია 42 წიგნი.
8 წლამდე ასაკის საბავშვო პრემია "ნაკადული" 2021 წელს დაარსდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ "ნაკადულს" უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.
პრემია ოთხ ნომინაციაში გაიცემა:
• წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
• წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
• წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
• წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
საკონკურსოდ მიიღება 2020 წელს გამოცემული წიგნები. განაცხადებს განიხილავს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს პრიზს და 2500-ლარიან ფულად პრემიას.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.