CNN-ის ინფორმაციით, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით რამდენიმე დღის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც კრემლი გააფრთხილა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის ჯარის გადაადგილებას და სურს გაარკვიოს რუსეთის ქმედებების მოტივები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბერნსმა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრაზე მოსკოვი გააფრთხილა უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდო ოპერაციებთან დაკავშირებით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყველაზე მეტად აღელვებს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან რუსეთის ჯარებისა და ტექნიკის არარეგულარული გადაადგილება.
CNN აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში გააქტიურა თავისი ძალისხმევა მოსკოვსა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის დეესკალაციის მიმართულებით.
მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, რუსეთში შეხვედრების შემდეგ, ბერნსი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი.
CNN-ის ინფორმაციით, ბერნსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ მოსკოვი აპირებს გაზის ექსპორტი უკრაინასა და ევროპის ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.
ბერნსი, რომელსაც წარსულში რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ უჩვეულოდ გაზრდილია რუსული ქვედანაყოფებების მასშტაბები უკრაინის საზღვართან.
1-ელ ნოემბერს ჟურნალმა Politico-მ გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რუსეთის ჯარისა და სამხედრო ტექნიკის განთავსების პროცედურები უკრაინის საზღვართან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯავშანსატანკო და საარტილერიო ტექნიკა.
ორი დღით ადრე უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გაზრდის შესახებ წერდა გაზეთი The Washington Post-იც, რომელიც აღნიშნავდა, რომ მოსკოვის ქმედებებმა შეშფოთება გამოიწვია აშშ-სა და ევროპაში.
ამ პუბლიკაციების პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხდა, რომ რუსული ტექნიკის გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის წმინდა შიდა საქმეს.