პორტუგალიის პარლამენტმა, ეროვნულმა ასამბლეამ, დაამტკიცა კანონი ევთანაზიის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს უკურნებელი სენით დაავადებულ ან მძიმედ დაშავებულ ადამიანებს, თავისი ნებით დაასრულონ სიცოცხლე.
ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზიის დაშვების კანონპროექტი თავდაპირველად იანვარში დაამტკიცა, თუმცა მაშინ, ხელმოწერის ნაცვლად, ქვეყნის პრეზიდენტმა აქტი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავა.
პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნა, რომ პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო, რის შემდეგაც დოკუმენტი კვლავ პარლამენტს დაუბრუნდა.
კანონპროექტის ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ ევთანაზია ნებადართულია "სერიოზული ტრავმის, მუდმივი და სრული შეზღუდული შესაძლებლობების შემთხვევაში, რაც ადამიანს, საბაზისო მოქმედებების შესასრულებლად, სხვებზე ან ტექნოლოგიებზე დამოკიდებულად აქცევს" და არსებობს "ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ასეთი შეზღუდვები გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, განკურნების ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შანსის გარეშე".
კანონის ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ მას ხელი პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ მოაწეროს, რომელიც როგორც ამბობენ, ღრმად მორწმუნე კათოლიკეა და ეჭვები აქვს ევთანაზიის მორალურ მხარეებთან დაკავშირებით.
კანონის ამოქმედების შემდეგ, პორტუგალია გახდება ევროკავშირის მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ევთანაზია. ამ დროისთვის ევთანაზია ლეგალურია ესპანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და კანადაში.