ესპანეთის პარლამენტის, გენერალური კორტესების ქვედა პალატის დეპუტატებმა ხუთშაბათს, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, დაამტკიცეს კანონპროექტი ევთანაზიის დაშვების შესახებ.
კანონი, ამოქმედების შემდეგ, საშუალებას მისცემს ადამიანებს თავიანთი ნებით დაასრულონ სიცოცხლე თუ მათ სერიოზული ან განუკურნებელი დაავადება აქვთ.
ევთანაზიის კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა გენერალური კორტესების ზედა პალატის, სენატის თანხმობა.
კანონპროექტის განხილვა კონსერვატიული სახალხო პარტიისა და რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით "სიკვდილის მთავრობა".
"ევთანაზიის კანონი არის ცივილიზაციის მარცხი და სიკვდილის კულტურის გამარჯვება, მათი ვისაც სწამს, რომ ზოგიერთი სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე დანარჩენების", - განაცხადა მემარჯვენა პარტიის VOX-ის ლიდერმა, სანტიაგო აბასკალმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ კანონპროექტის წარდგენისას დეპუატებს უთხრა, რომ "საზოგადოება ვერ დარჩება გულგრილი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც გასაძლისი ტკივილი ტანჯავთ".
ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტაა.
ევთანაზია მსოფლიოს უმეტე ქვეყანაში არ არის დაშვებული. სენატის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთი მეოთხე ევროპული ქვეყანა გახდება ლუქსემბურგის, ლიდერლანდებისა და ბელგიის შემდეგ, სადაც ევთანაზია დასაშვები გახდება.
კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელსაც სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გაზაფხულიდან მოელიან, პაციენტებმა, რომელთაც სურთ, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულონ, ამ მოთხოვნით 4 განაცხადი უნდა დააფიქსირონ.
პირველი ორი მოთხოვნა უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ორი კვირის ინტერვალით წარედგინოს სამეთვალყურეო საბჭოს. პაციენტის მოთხოვნები უნდა დამტკიცდეს სამეთლვაყურეო საბჭოს მიერ, რომლის იურისდიქცია პაციენტის ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.
ევთანაზიის მოთხოვნის უფლება მხოლოდ ზრდასრული ასაკის ესპანეთის მოქალაქეებს ექნებათ. კანონი ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვან ევთანაზიის შესრულებაზე მათი პირადი რწმენის საფუძველზე.