ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის განცხადებით, მის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული (ორალური) აბები ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.
პრეაპარატი, სახელწოდებით Paxlovid/პაქსლოვიდი, განკუთვნილია მძიმე დაავადებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის, რომელიც უნდა მიიღონ ვირუსის სიმპტომების განვითარებიდან მალევე.
როგორც ფარმაცევტული კომპანიის მესვეურები აცხადებენ, პოზიტიური შედეგების გამო, კვლევა ადრეულ ეტაპზე შეწყვიტეს.
კვლევაში მონაწილე ადამიანებს შორის, რომლებიც კოვიდ-19-ით იყვნენ ინფიცირებული და პრეპარატი პაქსლოვიდი ჰქონდათ მიღებული, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. იმ პაციენტებს შორის კი, ვისაც პლაცებო ჰქონდა მიღებული, დაფიქსირდა გარდაცვალების 10 შემთხვევა. კვლევაში სულ 1219 პაციენტი იყო ჩართული.
Pfizer-ის პრეპარატი, რომელიც ცნობილია როგორც პროტეაზას ინჰიბიტორი, შექმნილია იმ ფერმენტის დასაბლოკად, რომელიც ვირუსს სჭირდება გამრავლებისთვის.
კომპანიის განცხადებით, ვირუსისგან განსაკურნავად საჭიროა სამი აბის მიღება დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში.
BBC-ის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ახალი პრეპარატის 250 000 დოზა.
Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მალე დაამტკიცონ კომპანიის ახალი პრეპარატი.
შეგახსენებთ, გუშინ, ბრიტანეთმა, პირველმა მსოფლიოში, კორონავირუსის სამკურნალო აბები - მოლნუპირავირი დაამტკიცა.