პანდემიამ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. როდესაც შეიცვალა მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ეს განვითარების ტენდენცია. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ცხრა თვის მაჩვენებლებით არის 11,3%, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შარშან გვქონდა სერიოზული ეკონომიკური ვარდნა და პირველი ორი თვე, იანვარი და თებერვალიც დავასრულეთ მინუსით.
„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს ტენდენცია უკვე შემოტრიალდა. როდესაც შეიცვალა მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ეს ტენდენცია. არცერთი თვე აღარ გვქონია მას შემდეგ ჩავარდა, პლიუსით დავამთავრეთ ყველა თვე მარტიდან მოყოლებული და საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ცხრა თვის მაჩვენებლებით არის 11,3%. წლის ბოლოს აუცილებლად ორნიშნა მაჩვენებლით დავხურავთ, რაც ნომერ პირველი მაჩვენებელია რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვადაზე ადრე შევასრულეთ ის დაპირება, რომელიც გავეცით საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ წლის ბოლომდე ჩვენ დავუბრუნდებით ქართული ეკონომიკის იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე იყო დაფიქსირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება. კარგი პროგნოზებია სავალუტო ბანკისა და მსოფლიო ბანკის და პროგნოზების ნაწილშიც მოწინავე ვართ, თუმცა გვჭირდება ახალი ინიციატივები ეკონომიკის ნაწილში და ამაშიც პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ჩართული იმისთვის, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.