3 ნოემბერს, ლონდონში გამართულ დაჯილდოებაზე, ბუკერის 2021 წლის ლიტერატურული პრემია სამხრეთ აფრიკელ მწერალს, დეიმონ გალგუტს გადაეცა რომანისთვის The Promise (დაპირება).
რომანში მოთხრობილია თეთრკანიან ფერმერის ოჯახსა და მათ შავკანიან მოახლეს შორის ურთიერთობებზე, აპარტეიდის დროა და შემდგომ პერიოდში. ოჯახმა დიდი ხნის წინ მოახლეს დაპირება მისცა, რომ აჩუქებდა იმ სახლს, სადაც ის ცხოვრობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ დაპირების შესრულება შემდეგი თაობებისთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა.
მწერალი და დრამატურგი დეიმონ გალგუტი, რომელიც ერთ კვირაში 58 წლის გახდება, ბუკერის პრემიის "მოკლე სიაში" (shortlist) მესამედ მოხვდა. პირველად ეს იყო 2003 წელს და შემდეგ 2010-ში.
ბუკერის პრემიის ლაურეატის პრესტიჟული ტიტულის გარდა, გალგუტი 50 ათასი ფუნტს მიიღებს, რაც დაახლოებით 68 ათასი დოლარია.
ბუკერის პრემია ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.
პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება, აგვისტოში ჟიური აქვეყნებს ე.წ. ლონგლისტს (გრძელი სია), რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის "შორტლისტში" (მოკლე სია) შედის.
ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში ან ნოემბერში სპეციალურ ცერემონიაზე.
ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი - უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვიდიადჰარ ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე - შემდგომში გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯონ მ. კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.