არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დადგენილი პროპორციული სისტემა 5-პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული.
"პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული. არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. გვქონდა მსჯელობა ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობაზე და ამაზე პარლამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი. ასევე, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.