წადით, დაცალეთ ველი, ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ საშუალება, რომ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი, წადით, დაცალეთ ველი, - ასე მიმართა პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დავით ზილფიმიანმა "ნაციონალურ მოძრაობას".
დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის სეგმენტების 90% ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციური ურთიერთობა არ უნდა ან ფრიად უჭირს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"2003 წელს ხელისუფლების შეცვლა, რომელიც აუცილებელი და საზოგადოების მოთხოვნა იყო, ჩანაცვლება მოხდა ნაციონალური მოძრაობის მიერ, მათ შორის მე და ბევრი თქვენთაგანი მათი მხარდამჭერები ვიყავით. იმ დროისთვის ეს იყო შეუბღალავი, სუფთა ძალა. დღეს იგივე მეთოდებით, იგივე ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამ ჯერად ხალხის რისხვის ზღვა ახლავს თან ამ პარტიის წარსულს. რა თქმა უნდა, ლავირება მათი გამოსავალი იქნებოდა და თითქოს მოხდა კიდეც. მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა არავითარი დისტანცირება პირსისხლიანი ხელისუფლებისგან არ ყოფილა. ეგრევე გამოჩნდა ისევ ადამიანი, რომელიც „უჩემოდ გამარჯვება არ იქნებაო“ ჩამოვიდა და როგორც დამთავრდა ვნახეთ. ვინ და რა როლი შეასრულა ყველაფერ ამაში? ნაცმოძრაობამ რეალურად უზრუნველყო და გარანტორი გახდა ხელისუფლების სამი ვადით დარჩენისა, უფრო მეტიც, თუ ასე გაგრძელდა ის მეოთხე ვადით დარჩენის გარანტი გახდება. ოპოზიციის სეგმენტების 90% ამ ძალასთან კოალიციური ურთიერთობა არ უნდა ან ფრიად უჭირს. ესეც ფაქტია! რატომ ვატყუებთ და ცრუ მოლოდინებით რატომ ვაცხოვრებთ საზოგადოებას?", - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.