იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეფასებით, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის მარცხის მიზეზი არის ის "მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე"
რატი ბრეგაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება და მკაფიოდ თქვა სათქმელი. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი და ეს არის 63-ით 1 „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის ძალიან მკაფიო შედეგი... შესაბამისად, ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ამ შედეგს ცნობს, ვიღაც არ ცნობს, არის აბსოლუტურად ზედმეტი. მოსახლეობამ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ“, – განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძის შეფასებით, ოპონენტების მარცხის მიზეზი ის ძალადობა, მორალური ტერორია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე.
„რა იყო ამ მარცხის მიზეზი? – ის მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე როგორც უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან, ისე მათი ტელევიზიების მეშვეობით, როდესაც ისინი პირდაპირ ძალადობენ მოსახლეობაზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ოპონენტების მარცხის კიდევ ერთი მიზეზი, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაა ეკლესიასთან, იმ ინსტიტუციასთან, რომლის როლი საქართველოს ისტორიაში აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით.
„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მიმართ. როგორ შეურაცხყოფას აყენებს იმ ინსტიტუტს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციით და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა მინისტრმა.