სავარაუდოდ, დარღვევებმა შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა არ იქონია. პრობლემა დათვლის პროცედურებია. ზოგადად, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება მეორე ტურში სრულიად იდეებს მოკლებული იყო და მარტივ მიშა-ბიძინას თამაშში გარდაიქმნა, რომელშიც, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს ხოლმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ქალაქში მოიგებდა.
„ერთადერთი, რაზეც კითხვებია, არის ბათუმი, ძალიან პატარა სხვაობაა და საკმაოდ ბევრი კითხვაა. ზოგადად, შედეგები, მგონი, ხალხის ნებას ასახავს, რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს ეს შედეგი. ვნახოთ, რა აქცია იქნება, მაგრამ, ზოგადად, დიდი ხანია, ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს პრობლემა აქვთ, ისინი გაერთიანებული არიან ადამიანების ირგვლივ და უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული იდეების ირგვლივ. ეს იყო ერთადერთი შანსი „ქართული ოცნების“ დამარცხების. ამას ხშირად ვამბობდით, მაგრამ არ გვიჯერებენ. აგერ, შედეგიც. როცა უბრალოდ შეიკრიბა ბევრი სხვადასხვა ადამიანი რაიმე იდეის გარეშე გარდა იმისა რომ, ჩვენ უკეთესი ვართ ვიდრე „ქართული ოცნება“, ამის გარდა, რომ ამომრჩეველს არაფერი შესთავაზეს დადგა ის შედეგი, რაც დადგა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.