სურსათის უვნებლობის სამსახურის "სურსათის ეროვნული სააგენტოდ" გარდაქმნის შემდეგ აჭარის მთავრობა საქვეუწყებო დაწესებულების "სურსათის უვნებლობის სამსახურის" სააგენტოდ გარდაქმნას და შესაბამისი უფლებების მინიჭებას ითხოვს. აჭარის მთავრობში არგუმენტად მოაქვთ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლი, სადაც განმარტებულია, რომ სურსათისა და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
რეგიონის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, აჭარაში ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანო არსებობდეს, რომელიც სურსათისა და საკვები პროდუქტების კონტროლს განახორცილებს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის ეროვნულ სააგენტოდ გარდაქმნას ეწინააღმდეგება და არგუმენტად ევროკავშირის პოზიცია მოჰყავთ, რომლის დირექტივაცაა ქვეყანაში ცენტრალიზებული მაკონტროლებელი სისტემის ჩამოყალიბება.
საპირისპირო პოზიციაა აჭარის მთავრობაში, სადაც განმარტავენ, რომ აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის სააგენტოდ გარდაქმნა და მისთვის შესაბამისი უფლებების დელეგირება ევროკავშირის პოზიციას არანაირად არ ეწინააღმდეგება.
ამ დაპირისპირების ფოზე კი აჭარას მთავრობას და უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, სრული უფლება აქვთ შესაბამისი კანონი მიიღონ და რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტო თავად დააკანონონ.
ექსპერტი ლევან კალადაძე მიიჩნევენ, რომ მთავარია, რამდენად ეფექტური სისტემა შეიქმნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირებისათვის და რამდენად `სიცოცხლისუნარიანი" იქნება ეს სისტემა.
"თავად ცენტრსა და ავტონომიას შორის უფლებამოსილების საკითხის გამიჯვნა ვფიქრობ მეორეხარისხოვანია. ამ სისტემის წარმატებით ფუნქციონირება ერთიანი ადმინისტრაციის პირობებშიც შესაძლებელია და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დამოუკიდებელი რგოლის არსებობის პირობებში. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე უნდა იყოს სრულფასოვნად განხორციელდეს სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და სრულად იქნეს დაცული სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ.
"სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონში კი აჭარაში შესაბამისი სამსახურის არ¬სებობა და მისი უფლება-მოვალეობები გათვალისწინებული არ არის. უფრო მეტიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონქვემდებარე აქტებშიც ავტო¬ნომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამსახური არ მიეთითება, რის გამოც, საჭირო ხდება სხვადასხვა პროცე¬დურების გავლა ცვლილებებისა თუ დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის აჭარაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებების გატარებასა და შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილების განხო¬რციელებას.
როგორც სააგენტო "ჯი-ეი-ენთან" საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, მოხდება თუ არა აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის ეროვნულ სააგენტოდ გარდაქმნა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
"ჯერ უნდა შეფასდეს რისკები სამართლებრივ ასპექტში და პრაქტიკული მიზანშეწყობა და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტლებას", _ აცხადებს გია ხუროშვილი.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ერთიანი სამსახური უნდა არსებობდეს და მისი აზრით, აჭარაში ცალე უწყების არსებობა მიუღებელია.
"საქართველოში უნდა არსებობდეს სურსათის უვნებლობის ერთიანი სამსახური. მისი ცალკე არსებობა აჭარისთვის მიუღებელია მიუხედავად იმისა, კანონი მათ ამის შექმნის შესაძლებლობას აძლევს თუ არა. ქვეყანაში უნდა არსებობდეს კონტროლის ერთიანი სტანდარტები, მის ადმინისტრირებასა და იმპლანტაციას ერთი სამსახური უნდა უზრუნველყოფდეს.
პრობლემები, რომელიც აჭარის მთავრობას მოჰყავს ცალკე სამსახურის შექმნის არგუმენტად, საუბარია, თბილისის სამსახურთან სხვადასხვა საკითხების შეთანხმებაზე, რაც დროში ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს გასათვალისწინებელია, მისი გადაჭრა სხვა გზითაც შეიძლება. კერძოდ, გაეზარდოს ადგილობრივი სამსახურის უფროსს კომპეტენცია და მას ჰქონდეს გარკვეულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ამ სამსახურს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, პირველ რიგში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ამ კუთხით უნდა გაძლიერედეს მუშაობა. სამსახურის დანაწევრება ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯად ვერ შეფასდება"- აცხადებს ექსპერტი ეკონმიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.
არსებულ ვითარებას საკანონმდებლო ხარვეზს უკავშირებს ექსპერტი ლევან კალადაძე.
"ჩვენი კანონმდებლობა დღეს აჭარის ავტონომიას ამგვარი ინსტიტუციის შექმნის უფლებამოსილებას აძლევს და თუ ეს ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმებთან და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში არ მოდის, ეს უკვე ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია და ამ ხარვეზს გასწორება ჭირდება", _ აცხადებს ლევან კალნდაძე
აჭარის მთავრობამ ავტონომურ რესპუბლიკაზე გარკვეული უფლებების დელეგირება უკვე რამოდენიმეჯერ მოითხოვა. 2010 წლის 12 აპრილს აჭარის მთავრობის მეთაურმა აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ რეგიონისთვის ცალკეული ადმინისტრაციული უფლებების გამიჯვნა რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებდა.
"ეს გაამარტივებს მომსახურეობას და შექმნის საფუძველს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილზე", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
კონკრეტულად საქმე ეხებოდა აჭარის საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნას, ასევე ფერმერებისთვის საჭირო სერთიფიკატების გაცემას და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებს, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას რეგიონის მინისტრთა კაბინეტი ვერ იღებდა.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო მეტ ავტონომიას კი არ მოვითხოვთ, არამედ ჩვენ მოვითხოვთ გვქონდეს უფრო მეტი საშუალება. უკეთ განვახორციელოთ ჩვენი ავტონომიური უფლებები", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
მოგვიანებით ვარშალომიძის პასუხად ბრიფინგი დაინიშნა სახელმწიფო კანცელარიაში, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მზად იყო აჭარის მთავრობის მეთაურის "პრეტენზიები" მოესმინა და განეხილა კიდეც. იმავე კვირაში შეხვედრა მართლაც შედგა, რომელზედაც ყველა ის პრობლემატური საკითხის გადაჭრა მოხერხდა, რომელიც რეგიონთან დაკავშირებით არსებობდა.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე. გადაწყდა, რომ აჭარის მოსახლეობასა და მეწარმეებს გარკვეული დოკუმენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. კონკრეტული საკითხები არსებობდა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილობრივმა მეწარმემ გაიტანოს მანდარინი, აიღოს ნებართვა მეურნეობის წარმოებაზე, ნებართვა თბილისიდან იყო საჭირო. შეხვედრები იქნება მუდმივი", - განაცხადა ვარშალომიძემ.
საართველოს მთავრობაში გავლენიანმა ლევან ვარშალომიძემ ლადო გურგენიძის პრემიერობისას მთავრობისგან აჭარისთვის 5 მლნ. ლარს "იაფი კრედიტის" გამოყოფა მოითხოვა, რამაც მაშინ ფინანსთა მინისტრის, ნიკა გილაურის უკმაყოფილება გამოწვია და აჭარის მთავრობის მეთაურსა და ნიკა გილურს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა, თუმცა საბოლოდ გამარჯვებული მაინც ლევან ვარშალომიძე გამოვიდა, რომელმაც თავისი პრინციპულობით რეგიონისთვის 5 მლნ. ლარის მიღება მოახერხა.
"ჯი-ეიჩ-ენი", მაია არაბიძე