პარასკევს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს.
„პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
მარია მალმერ სტენერგარდი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
„გუშინ, რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება გავავრცელე. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავება, ასევე, თვითნებური დაკავებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას უწყობს ხელს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს“, - აღნიშნავს სტენერგარდი.
საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა. "მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში", - აღნიშნულია განცხადებაში.