ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ქალაქში არჩევნები გაყალბდა.
მისი განცხადებით, ის არ აპირებს იმ შედეგების აღიარებას, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო.
"სამწუხაროდ თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი ხმა იყო და თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული, ფოთისთვის არნახული გაყალბების, იმიტომ რომ ფოთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქალაქია, ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის მოპკურვით, დარიგებით და ჩამორიგებით და ყველა მამაძაღლობით, რაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული.
მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომელის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო... სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა თავისი სახე, მე ვსაუბრობ ფოთზე, მე არ მაქვს სხვა ქალაქის მონაცემები. მაგრამ ფაქტია, რომ არნახული ფულით, ძალადობით და გაყალბებით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგების დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დამახინჯებას", - თქვა უგულავამ.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ხმების 57.66% მიიღო, გიგი უგულავამ - 42.33%. დათვლილია ხმების 78.78%, 33 უბნიდან 26 უბნის მონაცემები.