არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"იყო გარკვეული რისკები 17:00 საათის მონაცემებით და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, შენარჩუნებულიყო ტენდენცია, რომ ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერების მაღალი აქტივობა. ამ ორი საათის განმავლობაში აქტივობა იყო მაღალი, შენარჩუნდა ის მოცემულობა, რაც იყო მანამდე. ჩვენ ვთქვით, რომ "ნაცმოძრაობა" იყო ახლოს 50%-იან ზღვართან, თუმცა ახლა, 19:00 საათის მონაცემებით, მკაფიოდ ჩანს, რომ ისინი ამ ზღვარს ვეღარ გადალახავენ. 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა შემდეგი ნახევარი საათიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველა ამომრჩეველს, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა საარჩევნო უბნებზე, მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რათა საბოლოოდ ყველას ხმა აისახოს ჩვენს საერთო გამარჯვებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.