იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ძალიან გასაკვირი იყო უკრაინელი ომბუდსმენის მიერ გაკეთებული განცხადება.
რატი ბრეგაძის თქმით, ომბუდსმენი სააკაშვილთან ციხეში ყოველგვარი დაყოვნების გარეშე და მისი, როგორც იუსტიციის მინისტრის, კეთილი ნებით აღმოჩნდა. მისივე თქმით უკრაინელ ომბუდსმენს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ არანაირი კითხვა არ დაუსვამს, რითაც ხელი შეუწყო ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას.
„მისი განცხადება – პირდაპირ ვიტყვი – ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი იმ მარტივი რამის გამო, რომ ჩვენი კეთილი ნებით აღმოჩნდა ქალბატონი ომბუდსმენი საპატიმროში და მოინახულა პატიმარი. როდესაც ის ქალბატონი გამოვიდა, მან, ფაქტობრივად, გაახმიანა ცალმხრივი ინფორმაცია; ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი, რომელიც მან მიიღო პატიმარ სააკაშვილისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივი მდგომარეობა არის აბსოლუტურად დაცული და უკრაინელი ომბუდსმენის განცხადებები არის ცალმხრივი და არაობიექტური.
„მას მეორე მხარისთვის არ დაუსვამს არცერთი შეკითხვა და, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასარწმუნო. მე მაქვს შეკითხვა – თუკი მისი მდგომარეობა არის ასეთი მძიმე, ასე ცუდად ეპყრობიან, მაშინ ჩვენ შევუშვებდით სახალხო დამცველს? – ბუნებრივია, არ შევუშვებდით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის რეალურ უფლებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„ახლა მე გეტყვით მისი მდგომარეობის შესახებ: როგორც კი შესახლდა ამ დაწესებულებაში, ჩვენ, როგორც გითხარით, მოვიყვანეთ კონსილიუმი, რომლისგანაც ვიღებთ გარკვეულ რეკომენდაციებს; ასევე, მუდმივ რეჟიმში იქ არის განთავსებული რეანიმობილი, მორიგეობს ორი ექიმი, მიტანილია აპარატურა და თუკი საჭირო გახდა გარკვეული სახის სამედიცინო ჩარევა, ავტომატურად მოხდება ეს ჩარევა. ასევე, ავტომატურად დაუმზადდა ბარათი ორ დღეში და სარგებლობს ყველა იმ უფლებით, როგორც სხვა პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „რუსთავის 2“-ის ეთერში.