100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე – იყო გარკვეული აპელირება, რომ თითქოსდა მას არ ჰქონდა ლეიბი, რაც არის მტკნარი სიცრუე – შესახლებისთანავე ჰქონდა! ასევე, მოდი, გაიგოს საზოგადოებამ ისიც, რომ, როდესაც მას უნდოდა მაცივარი და აღარ ჰქონდა ბარათზე შესაბამისი თანხა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა. აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული. 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები, რადას წევრები – ეს კაცი წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჩვენ ხელი შევუწყვეთ კეთილი ნების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინის რადის წარმომადგენლებს, რომ მოენახულებინათ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად უწყება ეხმარება ყველა პატიმარს.
"როდესაც მოითხოვა მან მაცივარი, ეს თხოვნაც გავითვალისწინეთ, ისე, როგორც გავითვალისწინებდით სხვა პატიმრის შემთხვევაში. საქართველოში არ არსებობს პრივილეგიური პატიმარი, ყველა პატიმრის უფლება არის სათანადოდ დაცული. მაქსიმალური გაკეთდა 2012 წლიდან იმისთვის, რომ ერთ-ერთი სანიმუშო იყოს საქართველოს პენიტენციური სისტემა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.