26 ოქტომბერს და 29 ოქტომბერს, შვედეთში, "უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის" ფარგლებში გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის „ნომერი26“ის პრემიერა შედგა.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უპსალას მერი ევა ედვარდსონ
"ნომერი 26" ეროვნული ფილმის სტატუსით მთავარ საკონკურსო სექციაში იბრძოლებს გრანპრისთვის. ფილმი საქართველოს კინოცენტრის, მილიმეტრ ფილმის, ზუჩი ფილმსის და საქართველოს 1 არხის ერთობლივი პროექტია, რომელზე მუშაობაც 2 წელი მიმდინარეობდა.
უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი 1982 დაარსდა შვედეთის საუნივერსიტეტო ქალაქ უპსალაში და უკვე 40 წელია ევროპის ერთ-ერთი მთავარი კინოარენაა, რომელსაც ე.წ. შვედურ ოსკარს უწოდებენ, რადგან ფესტივალზე გამარჯვებული ფილმები სწორედ ოსკარის პრეტენდენტები ხდებიან. უპსალას პროგრამერებმა გვანცას ფილმი 6500 პროექტს შორის შეარჩიეს საკონკურსო სექციაში „Hidden messages” - „დაფარული მესიჯები“.
ფილმში მთავარ როლშია არაპროფესიონალი მსახიობი პაპუნა ქორიძე, რომელმაც სათხილამურო სკოლის მწვრთნელის როლი განასახიერა. ასევე მონაწილეობენ მსახიობი ნინი იაშვილი, გიორგი დავითური, ლევან ბუთხუზი, ნიკუშა გამეზარდაშვილი, ნანიკო ახვლედიანი, ირაკლი ღვთისიაშვილი.