საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა "ისტორიულ-პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობისაა".
"ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ამერიკელებთან - "ათასწლეულის გამოწვევის ფონდათან" ერთად გავაკეთეთ. გზას, რომელიც აერთებს თბილისსა და ახალქალაქს, თბილისსა და თურქეთის საზღვარს დიდი ისტორიულ-პოლიტიკური-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული გზის გახსნისას.
მისივე განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, რომელიც წინა მთავრობების დროს დანარჩენ საქართველოსთან გაუცხოებული იყო, ნელ-ნელა ეკონომიკურად ვითარდება.
"მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს რეგიონი, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოსთან და უნდა ვთქვათ, რომ მათი გაუცხოებისთვის ქვეყნის წინა მთავრობებმაც ბევრი გააკეთეს. 2004 წლის შემდეგ ყველაფერი შეტრიალდა და ახლა სხვა მიმართულებით მიდის. დღეს იქ სიტუაცია გაუმჯობესებულია და მისი დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაცია ხდება. ამასთან, ჩქარი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის განვითარებაც", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით "ამ ისტორიული გზის მშნებელობის დაფინანსებისთვის" ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობაც გადაუხადა და განმარტა, რომ მომავალში ყველა გზა ზუსტად იგივე სტანდარტებით უნდა აშენდეს, როგორითაც თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა მოხდა.
"ეს გზა ნამდვილად გულდასმით აშენდა. ამერიკელები ყოველ მეტრს ამოწმებდნენ. გამკაცრებული კონტროლი იყო იმაზე, ხდებოდა თუ არა მისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენება. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ამის შემდეგ ყველა გზა საქართველოში. ეს იყო არა მხოლოდ ორი ქვეყნის საზღვრის დაკავშირება, არამედ სკოლა ჩვენი მშენებლებისთვის", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა ექსპლოატაციაში შევიდა.
გზის 224 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებით,
დედაქალაქიდან ახალქალაქში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი. ახლადგახსნილი გზა სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქართლთან აკავშირებს. სამუშაობზე სულ 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის აშშ-ის მთავრობამ და "ათასწლეულის გნვითარების კორპორაციამ" დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ 200 ათასი ხეც დაირგო. ამასთან მოხდა 15 ხიდის აშენება.
გზის 224-კილომეტიანი მონაკვეთის მშენებლობას 2 წელი დასჭირდა და მასზე 300 ათას 600 ადამიანი მუშაობდა.