ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგოკრიზისის დასაძლევად, რომელიც კიშინოვსა და რუსულ ენერგოგიგანტ "გაზპრომს" შორის მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ წარმოიშვა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ეს შესანიშნავი ამბავია მოლდოველი ხალხისთვის", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის მხარდაჭერას გავრილიცა Twitter-ზე.
რამდენიმე საათით ადრე ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზპრომი მოლდოვის ხელისუფლებას ბუნებრივი აირის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ცვლილება და ენერგეტიკის სფეროში რეფორმების გადადებას სთავაზობდა.
მოლდოვამ გრძელვადიანი კონტრაქტი გაზპრომთან 2006 წელს გააფორმა, რომელიც ყოველწლიურად ახლდებოდა, კონტრაქტს ვადა 30 სექტემბერს ამოეწურა. შეთანხმება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა, რა დროსაც კიშინიოვმა რუსული კონცერნისგან გაზი 1000 კუბურ მეტრზე 790 დოლარად იყიდა.
მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გაზის დეფიციტის გამო. 23 ოქტომბერს გაზპრომი მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ არ გადაიხდიდა ვალს და არ დათანხმდებოდა ახალი კონტრაქტის პირობებს. მოსკოვსა და კიშინიოვს შორის გაზის შესახებ ორდღიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.
ბოლო დღეებში მოლდოვა გაზს სხვა კომპანიებისგან ყიდულობს. კიშინიოვმა უკვე შეიძინა 1 მილიონი კუბური მეტრი გაზი პოლონური კომპანია PGNiG-დან და ამდენივე ჰოლანდიური კომპანია Vitol-ისგან.
მოლდოვის ენერგოკომპანია Energocom-მა 1,5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე მესამე ტენდერი 28 ოქტომბერს გამოაცხადა.