ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა.
„ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი. ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობაში“ გვარამია მეორე კაცია. როდესაც ეს ადამიანი, ბიომასას უწოდებს იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა თავისი ღირებულებები აჩვენეს. „ჩვენ ჩვენი ღირებულებები ვაჩვენეთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ. ესაა მათი ღირებულებები. რა თქმა უნდა, ამ ღირებულებებით ეს ადამიანები დამარცხდებიან, თავისი გვარამიათი, მშვილდაძეებით და ასე შემდეგ. ეს არის მათი სახე - სიცრუის ტირაჟირება და ზიზღის ენა, რომელსაც ისინი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.