სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ ათობით ათასი ადამიანიდან, რომელიც დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება, არცერთი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება ამ აქციას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეიძლება რისკადაც კი ჩაგვითვალოთ, რომ სამუშაო დღეს 17:00 საათზე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ უნდა შეუერთდეს ამ აქციას, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი რაოდენობა შეიკრიბება. თავისუფლების მოედანზე ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი და გულანთებული ადამიანების, რეალურად ევროპული მომავლის მოსურნე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უზენაესობის მხარდამჭერების დიდ რაოდენობას ნახავთ. ასევე ნახავთ იმას, თუ როგორ არიან ანთებული ეს ადამიანები, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, განვითარება და არ იცხოვრონ მუდმივად ვიღაცის ბულინგის ქვეშ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად ძალადობდა ადამიანებზე. „ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს მოქალაქეები და ამიტომ უჭერენ ისინი „ქართულ ოცნებას“ მხარს, რადგან ეს პარტია არის „ნაცმოძრაობის“ საპირისპირო, ამ ცუდი და ბინძური წარსულის იდეების. პარტია, რომელიც ფიქრობს პროგრესზე, განვითარებაზე. ჩვენ წინ გვაქვს სამი წელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა გარდამტეხი ცვლილებები უნდა შევძლოთ. ჩვენ განვითარების დინამიკა უნდა გავზარდოთ, რომ 2024 წელს თამამად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შევძლოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. ესაა მთავარი მიზანი“, - განაცხადა მდინარაძემ.