"დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს", აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება
"მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეული არის 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მცირე ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელების თვალსაზრისით. მარათონის გარდა ასევე მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან. სწორედ მათთან მიმართებით არის ინფიცირების ყველაზე მარალი რისკი, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ დროულად მიიღონ და დაეხმარონ სახელმწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია“, - აცხადებს ტიკარაძე.