ხვალ, 19 ნოემბერს არტკაფე "ქარავანში" ადამიანის უფლებათა ცენტრი ადამიანის უფლებების შესახებ ვიდეოპორტალის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადამიანის უფლებატა ცენტრიდან აცნობეს, ვიდეო პორტალი www.hridc.tv
ადამიანის უფლებათა შესახებ პირველი და ერთადერთი პორტალია საქართველოში, სადაც წარმოდგენილი იქნება ბევრი რესურსი, რომელთა გაშუქებასაც წამყვანი მედია საშუალებები თავს არიდებენ.
პორტალზე განთავსებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტური გამოძიებები, დოკუმენტური ფილმები, ტელე-რეპორტაჟები, ინტერვიუები.
პორტალი აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ სტუდიებთან: "რეპორტიორი", "მონიტორი", "GNS", "RE" და სხვ. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ მასალის ატვირთვა პროფესიონალების გარდა, მოყვარულებსაც შეუძლიათ.
პორტალის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ასევე გიორგი ჯანელიძის ფილმი "ბურღვა ზემოთ და ქვემოთ". ფილმი ეხება ეკოლოგიურ კატასტროფას საგარეჯოს რაიონში.