დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახეა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფოთში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
„დავასრულეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში , 7 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. ფოთში პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული არჩევნების მეორე ტურისთვის. 30 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ამაში დარწმუნებული ვართ. ფოთში პირველი ტურის შედეგებიც იყო სათანადო, 47 % მიიღო ჩვენმა კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ, შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს დიდი სხვაობით გამარჯვებისთვის და ეს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახე, რასაც ქვია ნაცმოძრაობა და დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.