Reuters-ის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს, რომლებიც ყოფილი მთავრობისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ განახორციელეს, მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაცია "თალიბანის" შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება.
შს მინისტრი, სირაჯუდინ ჰაქანი, ქაბულში თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახებს შეხვდა და მათ ფინანსურ დახმარებასა და მიწებს დაჰპირდა. მან თავის გამოსვლაში მუჯაჰედინების თავგანწირვა შეაქო და ისლამისა და ქვეყნის გმირები უწოდა. "თალიბანის" სპიკერის განცხადებით, ჰაქანმა თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახებს ტანსაცმელი და 10 000 ავღანი გადასცა.
პარალელურად კი, მაშინ, როცა "თალიბანი"-ს ლიდერები თვითმკვლელ ტერორისტებს გმირებს უწოდებენ, მოსკოვი და ოკუპირებული ცხინვალი, მათ დიდი სიხარულით და პატივისცემით ხვდებიან. 20 ოქტომბერს, მოსკოვში ავღანეთის საკითხზე მოსკოვის კონსულტაციების ფორმატის შეხვედრა გაიმართა. რუსეთის ფედერაციას ამ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.
არა და, მოძრაობა "თალიბანი" რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ოფიციალურად აკრძალულია მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ოფიციალური კონტაქტი ამ მოძრაობის წარმომადგენლებთან. ამის მიუხედავად, წარსულშიც და ახლაც, კრემლი თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს "თალიბანთან" და მისი ლიდერები არაერთხელ მოუწვევია მოსკოვში მოლაპარაკებებზე.
ტერორისტებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ ცხინვალშიც. არაღიარებული, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა "„თალიბების" მიმართ კეთილგანწყობა ჯერ კიდევ აგვისტოში გამოხატა და მათ დაბრუნებას ავღანეთის ხელისუფლებაში "ტრიუმფალური" უწოდა. მან, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" თავის გვერდზე დაწერა, რომ მოძრაობა "თალიბანის" აღიარება დასაშვებია.
მისი თქმით, ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება. როგორც ჩანს, ამ ხაზის გაგრძელებაა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტიც ავღანეთში, რომელიც სანაკოევის განცხადებების შემდეგ მალევე შედგა. ე.წ დეპუტატის აღფრთოვანებას ნაყოფიერი გაგრძელება მოყვა- ანატოლი ბიბილოვმა ქაბულში თავისი მრჩეველი ალექსეი მაქსიმოვი გაგზავნა, რომელიც პარალელურად რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია ცხინვალში.
24 სექტემბერს მაქსიმოვი, ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის პრემიერის მოადგილეს შეხვდა და "ორი ქვეყნის" მეგობრობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ასევე, ისაუბრეს ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე, რადგან „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას ხომ ძალიან აინტერესებთ ის, თუ რა ვითარებაა ავღანეთში...ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცხინვალშივე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიბილოვის მრჩეველი მაქსიმოვი წლების განმავლობაში რუსეთში თაღლითობას ეწეოდა-ყალბ დიპლომებს, ორდენებს და სამეცნიერო ხარისხებს ყიდდა. ასევე, მან იუგოლსლავიაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტში მონაწილეობა დაიბრალა და გმირული წარსული მოიგონა, თუმცა არსებული ცნობებით, იქ საერთოდ არ უმსახურია.
როგორც ჩანს, ცხინვალი მოსკოვის პოლიტიკურ ხაზს ამ საკითხებშიც აგრძელებს და სურს ახლო ურთიერთობა დაამყაროს იმ საშიშ ძალასთან, რომელიც თვითმკვლელ ტერორისტებს ახალისებს და გმირებს უწოდებს. ახლა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზოგადოებამ უნდა დასვას შეკითხვა-ხომ არ იგეგმება „თალიბების“ და მათ მიერ წახალისებული ტერორისტების ვიზიტი ცხინვალში?
ლანა თორდია