მოქალაქეები იუწყებიან, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სახელწოდებით „გოგელიას კლინიკა“, გრიპის ფრანგული, 4-კომპონენტიანი ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს.
მოქალაქეების განცხადებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ, რაშიც 75 ლარი გადაიხადეს.
როგორც იუწყებიან, კლინიკაში მისულმა მოქალაქეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალი მათ ვაქცინის ფლაკონს არ აჩვენებდა. მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ექიმი მათ ფლაკონის შეფუთვის ჩვენებაზე უარს ეუბნებოდა.
კლინიკაში შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიებისა და სამართალდამცავების გამოძახების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა დაუყოვნებლივ დატოვეს.
კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს, ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა.
"აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე.მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატი და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას," - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
ზაალ კაპანაძის თქმით, ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.