სამხედრო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს.
"ეს გამორიცხული ნამდვილად არაა, თუმცა გააჩნია მოვლენათა განვითარებას. იმ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ეს საჭირო გახდა, მოსკოვი დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებს აღიარებს, თუნდაც მოლდოვას ტერიტორიაზე საკუთარი ჯარის შენარჩუნებისთვის, თუმცა ჯერ ამას ტერიტორიების აღიარების გარეშეც აკეთებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შარაშენიძემ.
რაც შეეხება მოლდოვადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესში ნატოს შესაძლო როლს, სამხედრო ექსპერტის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს მოლდოვას დახმარება შეუძლია.
"მაგალითად, გერმანიას, რომლის მხრიდანაც უკვე გაკეთდა სერიოზული განცხადება, რომ აპირებს მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი წამოსწიოს", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ ნატოს გენმდივანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის ნატოს ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესში დახმარებას თხოვს.
"იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა არ დათანხმდება დნესტრისპირეთში რუსული ჯარის ყოფნას, რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობაც აღიაროს იმისთვის, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე თავისი ჯარი შეინარჩუნოს, - ნათქვამია გიმპუს წერილში.