რუსეთმა, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც 3+3 ფორმატს ეხებოდა.
„3+3 ფორმატს რაც შეეხება, შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს. ვიდრე ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რომ ითანამშრომლონ, გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის იდეა 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენა.
პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
რუსეთი და ირანი მიესალმებიან ამ ინიციატივას, სომხეთი კი, თურქეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, სკეპტიკურად უყურებს ამ თანამშრომლობის პერსპექტივას.
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე".
მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.