17 ოქტომბერს, 17 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალს გახსნის მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
17-24 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) უკვე მეექვსედ გაიმართება. ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი მწერალთა სახლია. წლევანდელი ფესტივალი კი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გაიმართება.
წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო, რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ, ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება. მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.
TIFL 2021-ის ლიტერატურული პროგრამა რამდენიმე ეტაპად იყოფა.
ფესტივალის პირველი ნაწილი მოიცავს პოეზიის საღამოებს და დისკუსიებს ლიტერატურის როლის შესახებ სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში. პროგრამის ამ ნაწილის მონაწილეები უმეტესად პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორები იქნებიან.
17-19 ოქტომბრის ღონისძიებების მონაწილე ავტორები არიან: ბელარუსი პოეტების წყვილი იულია ტიმოფეევა და ალჰერდ ბახარევიჩი (ისინი ამჟამად გრაცის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის რეზიდენტები არიან); ალექსეი ცვეტკოვი - რუსულენოვანი დისიდენტი პოეტი (ამჟამად ცხოვრობს ისრაელში); ლიუბა იაკიმჩუკი - ახალგაზრდა უკრაინელი პოეტი; რასიმ გარაჯა - აზერბაიჯანელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი; ვაჰე არსენი - სომეხი პოეტი და მთარგმნელი; ანასტასია ლევკოვა - მწერალთა სახლის რეზიდენტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ ერთად ორგანიზებული გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის მონაწილე.
პროგრამის ამ ნაწილის ღონისძიებებია:
პოეზიის საღამოები;
პოეტური პერფორმანსები;
ლიტერატურული დისკუსიები სხვადასხვა თემაზე: მწერლების ყოფა და შემოქმედება საომარ და ტოტალიტარულ რეჟიმებში; წინააღმდეგობა რუსული ოკუპაციის მიმართ ქართულ და უკრაინულ ლიტერატურულ სივრცეში.
19, 20 და 21 ოქტომბერს ფესტივალი ქართველ ავტორებს უმასპინძლებს. გაიმართება დისკუსიები სამი ქალაქისა (თბილისი, გორი და ქუთაისი) და ლიტერატურაში მათთან დაკავშირებული სიმბოლიზმის შესახებ.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილის მონაწილეები არიან: ამერიკელი ფანტასტი მწერალი ბლეიკ კრაუჩი; მხატვრული რედაქტორი და შემოქმედებითი წერის ლექტორი ჯეკლინ ბენ-ზეკრი; არგენტინელი რომანისტი არიანა ჰარვიცი; პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი იმან ჰუმაიდანი; ვენაში მცხოვრები სუდანელი პოეტი ტარიკ ელ-ტაიბი; შვეიცარიელი პოეტი და პერფორმერი ჰაიკე ფიდლერი და ფრანგი პოეტი ორელია ლასაკი („ვერსოპოლისის პოეზიის“ პლატფორმის ეგიდით მოწვეული ავტორი).
პროგრამის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ღონისძიებებს:
საავტორო შეხვედრები მკითხველთან;
ლიტერატურული დისკუსიები სხვადასხვა თემაზე: მწერლობა რამდენიმე ენის სივრცეში; განსხვავება მწერლის შინაგან იზოლაციასა და იძულებით იზოლაციას შორის; რედაქტორის როლი მხატვრული ტექსტის შექმნაში.
ბლეიკ კრაუჩისა და ჟაკლინ ბენ-ზეკრის ლიტერატურული ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალბედა ავტორებისთვის.
ლორენს ფერლინგეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო. პოეტის ლექსებისა და თარგმანების საჯარო კითხვა და ფილმის ჩვენება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; UNESCO-ს პროექტი თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი; თბილისის მერია; ამერიკის საელჩო საქართველოში; ისრაელის საელჩო საქართველოში; პოეზიის ევროპული პლატფორმა Versopolis Poetry; მულტიმედია პლატფორმა ინდიგო.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.