ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას "ქართული ოცნება", მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დღეს, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას.
მელია ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ძალადობას აპირებს, ეს მას ძვირი დაუჯდება.
"ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით, სახელით და გვარებით იცნობს საზოგადოება. ამდენადაც, მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც აქციას უწყობენ. ასეთი რამ თუ გინახავთ ან გაგიგიათ, არ ვიცი. არც გაგიგიათ, არც გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიაზროს მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს და როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქცია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება შესაბამისი და ადეკვატური. აპირებს ბიძინა ივანიშვილი, იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირ ფასად დაუჯდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.