მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც უკვე გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა.
"მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქმიანი შეხვედრებითა და სამომავლო გეგმების დასახვით გამოირჩეოდა. "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" სახელით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე, რაც ჩვენს საქმიან ურთიერთობებს, კიდევ უფრო გააძლიერებს. წელს პირველად, საქართველო ეროვნული სტენდით იქნება წარმოადგენილი გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უდიდესია ესპანურენოვან სამყაროში. სწორედ მადრიდში გაიმართა ამ ღონისძიების „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაგეგმვის ნაწილიც", - ამბობს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
ნინია მაჭარაშვილი, ასევე, მონაწილეობდა პანელზე იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროგრამის კოორდინატორ იან დენისონთან, მადრიდის მერიის კულტურის მიმართულების დირექტორ ხავიერ პასკუალთან და გვადალახარას მერის მრჩეველ როდრიგო მედინასთან ერთად.
პანელზე არა მხოლოდ თბილისში მინდინარე წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტი განიხილეს და მოისმინეს ანგარიში, არამედ ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობაზეც. კონკრეტულად, მომდევნო წლის თებერვალში, თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები, მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ერთობლივად განხორციელებენ - მექსიკელი ავტორი თბილისში, ხოლო, ქართველი ავტორი მომდევნო წიგნზე მექსიკაში იმუშავებს.
პანელის მიმდინარეობისას, იან დენისონმა, იაუნესკოს ახალი ინიციატივა, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ნეთვორქის შექმნა დააანონსა. ნეთვორქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში, თუ პროგრამის განხორციელებისას ამ სახის პრობლემები შეექმნებათ.
წლევანდელი მადრიდის წიგნის ფესტივალის სტუმარი ქალაქი, გვადალახარა იყო, რომელის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს. გაიმართა შეხვედრა გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთანაც და დაიგეგმა ბაზრობაზე ქართული მწერლობისა და ავტორების წარდგენაც.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.