14 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრები აირჩია.
ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებად 18 ქვეყანა აირჩიეს, რომელთა შორის შეერთებული შტატებიც არის. მასთან ერთად ასამბლეამ საბჭოს შემადგენლობაში აირჩია ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ინდოეთი, არგენტინა, ყაზახეთი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ერითრეა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, გახდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი 2022-2024 წლებში.
"ვთხოვთ, გაეროს ყველა წევრ ქვეყანას მხარი დაუჭირონ ჩვენს საბჭოში დაბრუნებას", - განაცხადა ბლინკენმა 24 თებერვალს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნების განზრახვის შესახებ ვაშინგტონმა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან მალევე განაცხადა.
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ნაწილობრივ იზიარებს საბჭოს მიმართ კრიტიკას, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოთქვამდა. ბლინკენის თქმით, აშშ აპირებს დარწმუნდეს, რომ საბჭოს წევრი ქვეყნები აკმაყოფილებენ ადამიანის უფლებების ფეროში "მაღალ სტანდარტებს".
შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ 2018 წელს გამოაცხადა.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საბჭო ისრაელის მიმართ მიკერძოებულობისა და რეფორმების არარსებობის გამო.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2006 წელს ჩაანაცვლა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც 1946 წლიდან არსებობდა. საბჭოს წევრია 47 ქვეყანა, რომლებსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა სამი წლის ვადით.
საბჭოს თითოეული წევრი აირჩევა გენერალური ასამბლეის წევრთა ხმების უმრავლესობით პირდაპირი ფარული კენჭისყრით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოცხადებული პრინციპების თანახმად, საბჭოს წევრებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები. თუ ისინი ადამიანის უფლებების მასიურ და სისტემატურ დარღვევაში არიან მხილებულნი, მათი წევრობა შეიძლება შეჩერდეს გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედით.