Associated Press-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, ამერიკის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნების შესახებ განაცხადებს.
გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, აშშ ადამიანის უფლებათა საბჭოს დამკვირვებლის სტატუსით დაუბრუნდება და შეეცდება მომავალში სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
როგორც Associated Press-ი წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირებისა და განვითარების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, ვაშინგტონის საბჭოში დაბრუნება მიაჩნიათ.
"ჩვენ ვიცით, რომ საბჭოს აქვს პოტენციალი გახდეს მნიშვნელოვანი პლატფორმა ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Associated Press-ს.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს ამ პოტენციალის რეალიზაციას.
შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ 2018 წელს გამოაცხადა.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საბჭო ისრაელის მიმართ მიკერძოებულობისა და რეფორმების არარსებობის გამო.