"ძალიან კარგია, თუ რუსეთში მიხვდნენ, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში "უპრაგონოდ" სიარულის გამო დაისჯებიან", - ასე ეხმაურება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი საქართველოში ჩასვლისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მიერ იმ მოქალაქეებისადმი მოწოდებას, რომლებიც თავის დროზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ.
"მისასალმებელია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს გააფრთხილოს საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკანონოდ იმყოფებოდნენ, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე დაუსჯელად ვეღარ შემოვლენ. ამ შემთხვევაში, ლავროვის უწყება სწორს შვება - ეს გაფრთხილება ზედმეტ გაუგებრობას აგვაცილებს თავიდან", - განუცხადა იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, საქართველოში შემოსვლა მხოლოდ იმ პირებისთვისაა აკრძალული, რომლებიც თავის დროზე ოკუპირებულ რეგიონებში "უპრაგონოდ" დადიოდნენ, რუსეთის სხვა მოქალაქეებისთვის კი, ჩვენი ქვეყნის კარი ღიაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეო ნესტერენკომ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან იმის გამო, რომ იქ თბილისის ნების გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ეძლევიან", - განაცხადა ნესტერენკომ.
მისივე თქმით, გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, საქართველოში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე სოხუმი ან ცხინვალი მოინახულეს, მსხვილ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და ხშირად ციხეში სხვამენ კიდეც.
"ყოველივე ეს კეთდება ე.წ. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის საფუძველზე, რომელმაც, სხვათაშორის, საკმაოდ მრავალი შენიშვნა მიიღო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხრიდან. მსგავსი პრაქტიკის მიზანი ცხადია: საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი გაუწყვიტოს", - განმარტა ნესტერენკომ.