მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ტვ "პირველის" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სადამაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ის თავისუფალი უნდა იყოს.
"არ მჯერა არც ერთი წამით, რომ ხვალინდელი აქციის შემდეგ, ვინმე გაათავისუფლება მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან. ეს ყველას უნდა ესმოდეს. წარმოუდგენელია და არ მოხდება. მგონი თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც არ აქვს ეს მოლოდინი, რომ ხვალინდელი აქცია გახდება გასაღები გათავისუფლების. მე ვარ რეალისტი და ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, მათ შორის მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ ნიკა მელია როგორც უნდა ისე გაათავისუფლონ, მე ვამბობდი, რომ როგორც უნდა ისე არ მოხდება და შეთანხმების შედეგად უნდა გათავისუფლებულიყო.
მე გეუბნებით პროგნოზს, მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. მსურს თუ არა მე, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რაც შეიძლება მალე დატოვოს საპყრობილე, დიახ, ეს ნამდვილად მსურს. მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური ნიშნით დღეს დაპატიმრებული და მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება", - თქვა სამადაშვილმა.
14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.