"თავისუფლების ინსტიტუტი" 3+3 პლატფორმის კონსტიტუციით აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.
"3+3 გაერთიანებაში შესვლა იქნება დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩვენივე ხელით განხორციელებული ყველაზე დიდი დარტყმა.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონსტიტუციით აიკრძალოს ოკუპანტთან ერთად საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობა ან მასთან სეპარატული მოლაპარაკებები ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ჩართულობის გარეშე.
ქართველმა ხალხმა მრავალგზის და მკაფიოდ გამოხატა ევროატალნტიკური ინტეგრაციის ურყევი ნება. 2017 წლის ცვლილებებით ეს ნება კონსტიტუციაშიც აისახა.
ჩვენი ინიციატივა სწორედ ამ კონსტიტუციური ნორმის შემდგომი განმტკიცებისა და ისტორიული არჩევანის დაცვისათვის არის საჭირო. დამატებითი კონსტიტუციურ გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სულ უფრო იზრდება დამღუპველ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩათრევისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის რისკები.
3+3-ის მსგავსი იდეა ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განიხილებოდა, კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმის სახელწოდებით. მაშინ დასავლეთის დახმარებით ამ ხაფანგს თავი ავარიდეთ, თუმცა ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
თითოეული ჩვენგანის ეროვნული ვალია წინ აღვუდგეთ ქვეყნის უსაფრთხოების ეგზისტენციურ საფრთხეს. მოვუწოდებთ ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქესა და პროდასავლურ ძალას, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი საქართველოს მომავლის გადასარჩენად. უმოქმედობას ისტორია არ გვაპატიებს", - აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის იდეა 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენა.
პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
რუსეთი და ირანი მიესალმებიან ამ ინიციატივას, სომხეთი კი, თურქეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, სკეპტიკურად უყურებს ამ თანამშრომლობის პერსპექტივას.
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე".
მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.