ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი ცნობილია.
ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი".
მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ გზის და ოლიმპიური თამაშების ორ გზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ -ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. “მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებდა:
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
„პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია;
„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.