სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ფოსტა სრული დატვირთვით ამუშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"პირველად მრავალი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში უკვე შეუძლიათ გააგზავნონ და მიიღონ ამანათები და გზავნილები, განახორციელონ ფულადი გადარიცხვები", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფოსტო სამსახურის უფროსი ანატოლი ხუგაევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფოსტა სრული დატვირთვით მუშაობს და მოქალაქეებს საფოსტო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.
"ეს არის, ამანათები, საფოსტო კორესპოდენციის მიღება-გაგზავნა, გაზეთებისა და ჟურნალების გამოწერა რუსეთის ფედერაციიდან და მრავალი სხვა", _ აცხადებს ხუგაევი.
მისივე ინფორმაციით, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ოთხი რაიონული საფოსტო განყოფილება მუშაობს - ზნაურის, ახალგორის, ჯავისა და ცხინვალის. ფუნქციონირებს ასევე სოფლის 13 განყოფილება.
ამას გარდა, მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში უფრო ხშირი გახდება ფულის გადარიცხვის ოპერაციების განხორციელება.
"მალე რუსეთის ფოსტასა და სამხრეთ ოსეთის ფოსტას შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის ხელმოწერის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ფულადი გადარიცხვების განხორციელება. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ასევე იფუნქციონირებს რუსეთის ფოსტის განყოფილება", _ აცხადებს ხუგაევი.
მასალის გამოყენების პირობები