საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის და მით უფრო პოლიციელისთვის იუმორის გრძნობის არსებობა აუცილებელია.
"მთავარი არის იუმორის გრძნობა. მე ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობ ხოლმე მაღალი თანამდებობის პირებზე. თუ ადამიანს არ აქვს იუმორის გრძნობა, ის პოლიციაში ალბათ ვერ იმუშავებს. ჯერ ერთი, როგორც წესი, უნიჭოები არიან, ვისაც იუმორის გრძნობა არ აქვს. მეორეც, ადამიანს კრიტიკულ ვითარებაში უნდა შეგეძლოს შენს თავს შეხედო გვერდიდან", _ განაცხადა შს მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის " მიცემულ ინტერვიუში.
მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანს ხუმრობა საკუთარ თავზეც უნდა შეეძლოს.
"იუმორის გრძნობა ნიშნავს იმას, რომ შენს თავზეც ხუმრობ. შენ შეგიძლია კრიტიკულად შეხედო საკუთარ თავს. საკუთარ თავს დასცინო. ვისაც ეს ნიჭი გააჩნია, ისინი წარმატებული პოლიციელები არიან და კარგი მოქალაქეები", _ აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, პოლიციელი რომ გახდე, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, "ამას სჭირდება გარკვეული ხასიათი".