პარლამენტის თავმჯდომარე ავარიულ შენობებზე ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
როგორც კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, თუ კი შესაბამისი კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა პარლამენტმა ზედამხედველობის გამკაცრების საკითხზე იმსჯელოს.
"გუშინ ასევე მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა. მეც მივიღე გარკვეული წერილები და გადავამისამართე. შესაბამისად, ყურადღებით რომ მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე ჩვენი მხრიდანაც, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს და რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი, დეპუტატებსაც მოვუწოდებ, ჩაერთონ ინიციატივაში. შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ. ამით კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, სხვა ქალაქებშიც არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი დროული რეაგირება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.