სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომელიც რუსთავის ციხესთან იმყოფება.
ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სიცოცხლის ფასად გარისკა და საქართველოში შემოვიდა, რათა ქვეყანა გადაერჩინა, ამიტომ მისი ბრძოლა უნდა დაფასდეს და მის მიმართ სოლიდარულები ვიყოთ.
"ვუთხარი რომ ამ ნაძირლების გამო ნამდვილად არ ღირდა თვისი სიცოცხლის გარისკვა მაგრამ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რას აკეთებს. ხალხს მარტივად წარმოუდგენია, რომ ჩამოვიდა მიშა და მოხვდა ციხეში. სანამ ჩამოვიდოდა, სანამ ამ ქვეყანაში შემოვიდოდა გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთის გზა. კაცმა არ იცოდა ცოცხალი იქნებოდა თუ არა საქნამ საქართველში შემოვიდოდა. მაშინაც შიმშილობდა და როდესაც შემოვიდა და დაბინავდა იმ დღესაც არ ვიცი მიიღო თუ არა საკვები, ეგეც არ ვიცი. ახლა სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება და აჩვენებს თანამედროვე საქართველოში თავგანწირვის მაგალითს. მე არ ვიცი ადამიანებს რა აჩერებთ სახლში, არავის არ ვამუნათებ და არავის არ ვადანაშაულებ, მაგრამ მართლა მორალური საკითხია. ჩემთვის ნუგეში არ იქნება ნეკროლოგის წერა, ჩემთვის საქმე იქნება კონკრეტული. ადამიანმა, რომელმაც გარისკა და სიცოცხლის ფასად შემოვიდა იმისათვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა, ამ ადამიანის ბრძოლა უნდა დაფასდეს და სოლიდარულები უნდა ვიყოთ", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.