ხალხო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს გლოვაა, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ანზორ მელიამ მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრს, დღესვე შეკრიბოს ექიმთა კონსილიუმი და სასწრაფოდ დაუნიშნოს მკურნალობა მიხეილ სააკაშვილს.
"შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ. განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ, აქ ერთი წუთი მოთმინებაც არ შეიძლება. შიმშილობის მე-8 თუ მე-9 დღეა შიმშილობის და აციდოზი უკვე განვითარებულია ორგანიზმში და მაგას უნდა კონტროლი. არც ყიფშიძის და მელიას დონეზე ეს არ უნდა გადაწყდეს. უნდა შედგეს კონსილიუმი. ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისაგან.
მივმართავ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინეს, რომელიც ძალიან კარგი მენეჯერია, რომ სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზება, რომ დღესვე შედგეს კონსილიუმი და დაენიშნოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მკურნალობა, რადგან ხვალ, ზეგ უკვე გვიანი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მინისტრი ამას გააკეთებს. ახლა დრო არ არის, ვინ რა პოზიციაზეა, მთავარია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, რომელმაც პოლიცია წამოაყენა ფეხზე, ასე სასიკვდილოდ გავიმეტოთ.
დღესვე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, დრო არ ითმენს. არავის ეპატიება ბატონი მიშას ზოგადი მდგომარეობის გართულება! ხალხო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს გლოვაა, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი", - განაცხადა ანზორ მელიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.