პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის უბნების გადათვლას ითხოვს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, უბნების გადათვლს შემთხვევაში, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი იმიტომ, რომ ოპოზიცია მეორე ტურებში საკრებულოში უმრავლესობით გავა.
"დროა" სხვა პარტიებთან კოორდინაციაში აგრძელებს თბილისში ხმების დასაცავად ბრძოლას. მინდა, წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აბსოლუტურად სცდება მხოლოდ "დროას", როგორც პარტიის, ინტერესებს და არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი, არჩევნებისთვის. დღეს ის საკითხი თუ ვის ეკუთვნის უმრავლესობა თბილისში "ქართულ ოცნებას" თუ ოპოზიციას, გადის ერთადერთ მანდატზე. ერთი მანდატია გადამწყვეტი, ვის ექნებაუმრავლესობა თბილისის საკრებულოში. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი მანდატი ანუ სულ მცირე გაყალბებაც კი საკმარია "ქართულ ოცნებისთვის" რომ მიიტაცოს მოქალაქეების ნება და მისთვის არაკუთვნილი უმრავლესობა გაიფორმოს.
ამ ვითარებაში, პარტია "ლელოს" იმისთვის, რომ მიიღოს დამატებით ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი საკრებულოში აკლია 0.6%. "გირჩს" მეორე მანდატისთვის სჭირდება 0.7%. "დროას" იმისთვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი საკრებულოში სჭირდება 0.3%. ანუ, ჩვენ გვაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს.
ამ ფონზე, როგორ გამოიყურება გაყალბების სურათი: ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს, მექანიკურად შეცვალეს საიტზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე.
ჩვენ არ გვაქვს ჯერ ყველა უბნის სრული სურათი: ვაკის #72 უბანზე "დროას" სადაც ეწერა 0, აღმოაჩნდა 20 ხმა. საბურთალოს #88 უბანზე, სადაც ეწერა 1 აღმოაჩნდა 18 ხმა, იგივე უბანზე "გირჩს" მოემატა 2 ხმა და სხვა უბანზე - 6. საბურთალოს მე-17 უბანზე “ლელოს” ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115 ხმა. 115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული "ქართული ოცნების" და "ცესკოს" მხრიდან. ეს არა თუ ერთ მანდატს ნიშნავს, არამედ კარდინალურად ცვლის თბილისში სურათს.
საქართველოში ლოტოტრონით გადათვლის შედეგად, უბნების 34 პროცენტში შეიცვალა სურათი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გადავთვლით თბილისში უბნებს, რადიკალურად შეიცვლება პოლიტიკური სურათი იმიტომ, რომ ჩვენ მეორე ტურებში გავალთ საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.