მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო კორუფციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს. მანამდე სტოიანოგლო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
მოლდოვის იუსტიციის მინისტრის სერგეი ლიტვინენკოს განცხადებით, სტოიანოგლოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პროკურორთა უმაღლესი საბჭოს მიერ აღიძრა.
საქმის პროკურორ ვიქტორ ფურტუნეს განცხადებით, გენერალური პროკურორი 72 საათით დააკავეს. "მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პასიური კორუფცია", - დასძინა პროკურორმა.
ალექსანდრ სტოიანოგლო მოლდოვის გენერალური პროკურორის თანამდებობას 2019 წლის ნოემბრიდან იკავებდა. იგი მოლდოვის წინა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა.
გენერალური პროკურორის საქმიანობის შესწავლა მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიის დეპუტატის ლილიან კარპისა და იუსტიციის მინისტრ ლიტვინენკოს მოთხოვნით დაიწყეს.
ლილიან კარპის განცხადებით, 2012 წელს სტოიანოგლომ, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, მოლდოვის საბანკო სისტემის გვერდის ავლით, მილიარდობით დოლარის გათეთრება.
გარდა ამისა, დეპუტატი სტოიანოგლოს ადანაშაულებს მოლდოვაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენ ვიაჩესლავ პლატონთან კორუფციულ კავშირში, რომელმაც ზაფხულში დატოვა ქვეყანა და ახლა ძებნილთა სიაშია. კარპის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უკანონოდ გააუქმა პლატონის მიმართ წაყენებული ბრალდება, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.
თავად სტოიანოგლო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მისი თქმით, მოლდოვის ახალმა ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრა მოსთხოვა, რაზედაც უარი განაცხადა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი დევნა.