საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ექსტრადიცია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
"ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექტრადიცია უკრაინაში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი ასეთი რამ, რომ უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რათა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არანაირი სამართლებრივი მიზანშეწონილობა. შესაბამისად, ჩვენი სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები (ასევე, მოგეხსენებათ, ზოგიერთ საქმეზე იგი ბრალდებულია და მომავალში ან გამართლდება ან გამტყუნდება) აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. შესაბამისად, გადაცემა, ანუ მსჯავრდებული პირის ტრანსფერი, თუკი თეორიულად ეს ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი არ არის. პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, რომ თავი შეწიროს იდეალებს, წესით არ უნდა ჰქონდეს კიევში დაბრუნების სურვილი. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებს მის ქვეყანაში დასაბრუნებლად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.