მეორე ტურში გამარჯვება ჩვენთვის არავითარი პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდა.
"მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით. მისი საქმიანობა ორგანიზებულად შეაფასა საერთაშორისო დამკვირვებელმა - ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს. ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მეორე ტურში გამარჯვება პრობლემა არ იქნება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასდროს ჰყოლია და ნურავის ეწყინება. სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულია ქართულ პოლიტიკაში ქალი კანდიდატი, როგორიც არის ნინო ლაცაბიძე. ასევე - ზუგდიდშიც", - დასძინა წულუკიანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება. ქუთაისის მეორების არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდებიან.